ვიცხოვროთ ჩვენ დროსთან ერთად





დრო ითხოვს უნივერსიტეტში ფილოსოფიის სწავლებისა და ფილოსოფიური კადრების მომზადების ინოვაციურ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი ინდივიდის ახალ კულტურაში ადაპტაციას და მისი მოტივაციური სფეროს ტრანსფორმირებას ეფექტური პროფესიული საქმიანობისა და სრულყოფილი სოციალიზაციისათვის.
თანამედროვე საზოგადოებაში გაიზარდა მეცნიერების როლი და მნიშვნელობა. რევოლუციურმა ცვლილებებმა მეცნიერებაში შეცვალეს სამყაროს აზრობრივი სურათი და გამოიწვიეს ფუნდამენტური ძვრები ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში. კომპიუტერულმა სწავლებამ მოითხოვა ცვლილებები განათლების სისტემაში, დადგა მოტივირებული სწავლების საკითხი და ინფორმაციის მენეჯმენტის პრობლემა.
ახალ ინფორმაციულ საზოგადოებაში წარმოიშვა გლობალიზაციისა და ინტეგრაციის ძალზედ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი, მაგრამ მეტად რთული, რისკისა და განუზღვრელობის შემცველი სახიფათო პროცესები. ადამიანს უჭირს დღეს ახალი ცოდნის მიღება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება და პროცესების მართვა. ყოველივე ამის გამო დადგა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულიერი და პრაქტიკული, სოციალური და ტექნიკური მოღვაწეობის სფეროთა ახლებური ორგანიზაციის საკითხი.
უნივერსიტეტში დღეს, ერთის მხრივ, ხდება აკადემიის ინსტიტუტების ინტეგრაცია, რითაც იგი იღებს კვლევითი დაწესებულების ფორმას, ხოლო, მეორეს მხრივ, უნივერსიტეტმა უნდა განახორციელოს სასწავლო პროცესი და უზრუნველყოს კადრების მომზადება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების გათვალისწინებით. აშკარაა, რომ ქვეყანას ერთნაირად ჭირდება როგორც აკადემიურად მყარად ფორმირებული მეცნიერება, ასევე მეცნიერება, რომელიც ეფექტურად იქნება სოციალურად ინტეგრირებული. არსებობს საშიშროება, რომ კომერციალიზაციით ზედმეტმა გატაცებამ შესძლოა უნივერსიტეტში ჩააგდოს მეცნიერული კვლევისა და განათლების პროცესები სწრაფად ცვლადი საბაზრო კონიუნქტურის ტყვეობაში, გამოიწვიოს სისტემის მოშლა და მიგვიყვანოს საბოლოოდ უარყოფით შედეგამდე. დღევანდელი ინფორმაციული საზოგადოება - ცოდნის და რისკის საზოგადოებაა და იმისათვის, რომ შემცირდეს შეცდომის დაშვების ალბათობა, ადამიანს ჭირდება სამყაროსთან შეფასებითი და შემეცნებითი მიდგომის მაღალი კულტურა.
ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის წინაშეც დგას დღეს უნივერსიტეტი, ეს არის მეცნიერული კვლევის, სასწავლო პროცესის და სამეწარმეო აქტიურობის ინტერესთა ისეთი ეფექტური გაერთიანება, რომ ახალგაზრდას გამოუმუშავდეს უნარი იცხოვროს თავის დროსთან ერთად, ადეკვატურად გაიაზროს თავისი ისტორიული მომენტის მნიშვნელობა და მოახერხოს შესაბამისობაში მოიყვანოს მის მიერ სამყაროს აღქმა სამყაროში მისი ყოფის რეალურ ვითარებასთან. ანუ შეიმეცნოს და შეაფასოს შემეცნებული. მეცნიერული მსოფლმხედველობა კი ყველაზე მეტად ანვითარებს სამყაროსთან შემეცნებითი და შეფასებითი მიდგომის ხარისხს.
მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის საკითხს დიდი ყურადღება მიექცა მე-20 საუკუნიდან, მაშინ, როდესაც დაიწყო ძლიერი მეცნიერული პროგრესი. ამ პერიოდში ჰაიზენბერგი წერდა: "ვფიქრობ, საჭირო იქნება კიდევ ერთი ასწლეული იმისათვის, რომ სრული სიღრმით იქნეს გააზრებული მთელი ეს ახალი მეცნიერული მასალა, მისი ეთიკური, პოლიტიკური და ფილოსოფიური მნიშვნელობა". ეს ასწელეული ჩვენი ასწლეულია.
მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტში - ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის, მოსკოვის, პეტერბურგის, კარლსრუეს და სხვათა სასწავლო პროცესს მაგისტრალურ ხაზად გასდევს მეცნიერების ფილოსოფიური პრობლემების სერიოზული ანალიზი. 1946 წლიდან დღემდე იუნესკოს დოკუმენტებში სისტემატურად ესმება ხაზი ამ დარგის მნიშვნელობას. იუნესკოს 24-ე სესიაზე (2009წ.) კიდევ ერთხელ ითქვა:"დავაუფლოთ ადამიანები ფილოსოფიური აზროვნების მაღალ კულტურას და დავეხმაროთ მათ ფართოდ გაუღონ კარი თანამედროვე აზროვნებაში ახალ მეცნიერულ იდეებს, რათა ამან მოახდინოს საჭირო დებატების სტიმულირება ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც გვაყენებს ჩვენ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესები".
საინტერესოა, რომ 1999 წლიდან ქ.კარლსრუეში (გფრ) ჩამოყალიბდა კვლევითი ცენტრი და მის ბაზაზე არსებულმა მდგრადი განვითარებისა და ტექნოლოგიის აკადემიამ დააყენა საკითხი "მეცნიერებისა და კულტურის" ხაზით მაგისტრთა ორმაგი დიპლომირებით მომზადების შესახებ. ამ ინოვაციურ პოლიტიკას ფილოსოფიური კადრების აღზრდის საქმეში მხარი დაუჭირა ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც და დაიწყო ერთობლივი მუშაობა კარლსრუეს უნივერსიტეტთან.
ავტორის მეცნიერული კონცეფცია ეხება მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთკავშირის ანალიზს. მასში ნაჩვენებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან კულტუროლოგიური მიდგომის ხაზი და ნაჩვენებია კულტურის ორი ძირითადი კომპონენტის (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო) სინთეზის აუცილებლობა ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ფორმირებისთვის. ამგვარი მუშაობის ტრადიციას თავის დროზე, თსუ ფიზიკის ფაკულტეტზე, საფუძველი ჩაუყარეს აკად. მ. მირიანაშვილმა და აკად. ვ. მამასახლისოვმა მუდმივმოქმედი სემინარით: ,,მეცნიერება და ფილოსოფია“, სადაც გაერთიანებულნი იყვნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები. სემინარი ემსახურებოდა იმ მსოფლმხედველობრივი სიახლეების ანალიზს, რაც მე-20 საუკუნის მეცნიერულ რევოლუციებს მოჰყვა თან და ქმნიდა შესანიშნავ ფონს გამთლიანებული ცნობიერების ფორმირებისა და ინტეგრირებული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სემინარზე მოხსენება წაიკითხა ქართველ ფიზიკოსებთან სტუმრად ჩამოსულმა ნილს ბორმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სემინარის მუშაობას და აღფრთოვანება გამოხატა აგრეთვე ქართველი ფიზიკოსების მიერ თავისი ,,დამატებითობის მეთოდის“ ადეკვატური მსოფლმხედველობრივი ინტერპრეტაციის გამო. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იღებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბორს ადრე გამოთქმული ჰქონდა აშკარად უარყოფითი აზრი ,,დამატებითობის მეთოდის“ იმ დროისათვის საკმაოდ გავრცელებული პოზიტივისტური ინტერპრეტაციის მიმართ.
აი ასეთ ვითარებაში, ფიზიკის ფაკულტეტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფილოსოფიაში თვისებრივად ახალი, მეცნიერებაზე ორიენტირებული კადრების მომზადების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მომეცა ბედნიერება ფიზიკის ფაკულტეტის (თეორიული ფიზიკის სპეციალობა) დამთავრების შემდეგ სწავლა გამეგრძელებინა ასპირანტურაში ,,მეცნიერების ფილოსოფიური პრობლემების“ ხაზით, აკად. მ. მირიანაშვილის და აკად. კ. ბაქრაძის უშუალო ხელმძღვანელობით. ჩემი სადისერტაციო თემის ძირითადი მიზანი იყო მეცნიერული მიღწევების ინტეგრირება საერთო კულტურაში და ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის მატრიცაზე მუშაობა. დაიწყო პროფილის მიხედვით ფილოსოფიის სწავლება ფიზიკის ფაკულტეტზე.
1966 წლიდან 2006 წლამდე (რეფორმებამდე განათლების სისტემაში) მიმყავდა კურსი ,,ფილოსოფიის შესავალი“ ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პარალელურად ვკითხულობდი კურსს ,,მეცნიერება და ფილოსოფია“ ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ამ ხნის მანძილზე ფიზიკის ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტთა ხუთი საკავშირო კონფერენცია თემაზე: ,,მეცნიერება და ფილოსოფია“; გამოვაქვეყნე სამი მონოგრაფია:
  • 1. ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები, თსუ, 1983 წ.;
  • 2. მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები, თსუ, 1985 წ.
  • 3. Философия, мировоззрение, человек, TГУ, 2005 წ.
აღსანიშნავია, რომ ყოველ საზოგადოებას გააჩნია კულტურის ღირებულებათა საკუთარი სისტემა. იდეათა ისტორიაში მეცნიერული პროგრესი ყოველთვის იწვევდა ამ ღირებულებათა პერიოდულ გადაფასებას, მაგრამ თუ ადრე ეს ცვლილებები ხდებოდა 100 წელიწადში ერთჯერ, დღეს ამ ცვლილებათა დინამიზმი საოცრად გაიზარდა. ადამიანმა დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან, მიმდინარეობს რთული სისტემების კვლევა, წინა პლანზე წამოვიდა შეუქცევადი პროცესები, დროის პრობლემა, სტატისტიკური კანონები, რომელთაც შემოიტანეს ალბათობის ცნება, შემთხვევითობას აღმოაჩნდა ობიექტური სტატუსი და მთავარი ყურადღება მიიპყრო პროცესმა: ,,წესრიგი ქაოსისაგან“.
სამყარო ერთიანიცაა და მრავალფეროვანიც; მისთვის დამახასიათებელია მუდმივი და შინაგანად აუცილებელი ობიექტური კავშირები, რომელნიც აღიწერებიან მეცნიერული კანონებით - ადამიანი ისწრაფვის ამ კანონების შემეცნებისაკენ. ეს კანონები წარმოადგენენ მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი სამყაროს ერთიანობის საფუძველს და ძირითადი ბაზაა რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისა და პროგნოზირებისათვის. მეცნიერება არის დღეს მთავარი ორიენტირი და საყრდენი ადამიანისათვის ცხოვრებაში. მეცნიერებაში ადამიანი ხედავს რთული სოციალური პრობლემების გადაჭრის გზას და საზოგადოების განვითარების პერსპექტივას.
დიდი ადგილი ჩვენი ინტელექტუალური სივრცის ფორმირებაში უჭირავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, კერძოდ კი ფიზიკას, სადაც ისტორიულად ჩამოყალიბდა თეორიული აზროვნების მაღალი კულტურა და ყველაზე სრულყოფილად არის წარმოდგენილი კვლევის რაციონალური მეთოდი. ფიზიკა არის არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ მსოფლმხედველობაც და ამიტომ არის რომ მეცნიერული ცოდნის ფილოსოფიური ანალიზის დროს ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა ფიზიკის მეცნიერული მიღწევების ანალიზს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო კულტურის სივრცის გაფართოებისათვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ იუნესკოს დადგენილებები, დაწყებული 1946 წლიდან დღემდე, ეხება ფილოსოფიურ განათლებაში მეცნიერული ხაზის წინ წამოწევის საკითხს.
ძირითად ფასეულობათა გადაფასების პროცესი ყოველთვის მტკივნეულია. ძნელია ამ დროს გადაწყვიტო, რა უნდა წამოიღო ძველიდან და რა უნდა დატოვო წარსულში. თანამედროვე საზოგადოება ეს არის რისკის და ცოდნის საზოგადოება. ადამიანმა დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან: შეიცვალა სამყაროს მეცნიერული სურათი, კომპიუტერულმა სწავლებამ მთლიანად შეცვალა განათლების პროცესი, ინფორმაციულ საზოგადოებაში დაიწყო გლობალიზაცია და ინტეგრაციის ძალზედ საინტერესო პროცესები, მეცნიერებამაც და ხელოვნებამაც უარი თქვეს აბსოლუტების ძიებაზე და შეიძინეს მკვეთრად გამოხატული არაკლასიკური ხასიათი. ყოველივე ამან გამოიწვია ფუნდამენტური ცვლილებები ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში, შეიცვალა ეპოქის სული და ამან მოითხოვა თვისებრივად ახალი აზროვნება, განათლების ახალი სისტემა და კაცობრიობამ დაიწყო სვლა ახალი კულტურისაკენ. ყველგან - მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში ხდება ტრადიციულ ფასეულობათა გადაფასება, ყალიბდება ახალი ენა და შემოდის ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა. სამყარო არ არის ქაოსი, მეცნიერება გვიჩვენებს, რომ სამყაროში არსებობს ჰარმონია და წესრიგი, რომლის შემეცნების და შეფასების წინაშეც დგას კაცობრიობა. სამყაროსთან შემეცნებითი და შეფასებითი მიდგომის კულტურას კი ყველაზე მეტად ანვითარებს მეცნიერული მსოფლმხედველობა. აქ თავს იყრის ყველა აქტუალური პრობლემა. ფილოსოფიური აზროვნებისათვის ერთნაირად საინტერესოა როგორც სამყაროს ძლიერი ემოციური შთაგონებით გამოწვეული მხატვრული ხედვები და მუსიკალური შედევრები, ასევე სამყაროს რაციონალური კვლევის საფუძველზე მიღებული მეცნიერული სურათი და განზოგადოებული ლიტერატურული სახეები.
იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს იცხოვროს თავის დროსთან ერთად, ობიექტურად გაიაზროს ისტორიული მომენტის მნიშვნელობა და მოახერხოს მოიყვანოს შესაბამისობაში მის მიერ სამყაროს აღქმა სამყაროში მისი ყოფნის რეალურ ვითარებასთან, საჭიროა და აუცილებელი მეცნიერული მსოფლმხედველობის ფორმირება ცვლადი გარემოს გათვალისწინებით. დღეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა რაციონალური დისციპლინა, ხოლო ყველაზე ავტორიტეტული ძალა, რომელსაც შეუძლია ზუსტად და გარკვეულად ჩამოაყალიბოს საზოგადოების მოთხოვნები, არის მეცნიერება. ეპოქა ითხოვს ახალ თეორიულ სინთეზს, ასეთი სინთეზის განსახორციელებლად კი აუცილებელია ისეთი სფეროების მჭიდრო კავშირი, როგორიცაა მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება.
წარმოდგენილი კონცეფცია ემსახურება ამ კავშირის გაძლიერებას, როგორც სამეცნიერო კვლევებში, ასევე განათლების პროცესში და აქედან გამომდინარე ის წარმოადგენს იმ ბრწყინვალე ტრადიციის გაგრძელებას, რასაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს ქართველმა ფიზიკოსებმა. ჩვენი საუკუნე დისციპლინათაშორისი კვლევის საუკუნეა ხოლო ჩვენი დროის მკვლევარი ინტერდისციპლინარულ კვლევათა მეცნიერი.

გილდა სიხარულიძე 2012 წ.